როგორია ამ პროდუქტის კონცეფცია?

ეს არის ონლაინ ტრენინგის ახალი ქართული პლატფორმა, რომლითაც ორგანიზაციები მარტივად შეძლებენ თანამშრომლები კიბერ უსაფრთხოების კუთხით დაატრენინგონ. იხ. პრეზენტაცია

რა მიზანს ემსახურება cyberclass.ge?

ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ონლაინ პლატფორმა
ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ონლაინ პლატფორმა

ნებისმიერ საჯარო, თუ კერძო კომპანიაში, ადამიანი არის კიბერ უსაფრთხოების სუსტი რგოლი. ორგანიზაციებმა მუდმივად უნდა უზრუნველყონ თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება. ჩვენი ტრენინგ პლატფორმა ორგანიზაციებს დაეხმარება, უფრო მარტივად და ეფექტურად წარმართონ ეს პროცესი. ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაცია/კონტენტი სრულად ქართულ ენაზეა, რაც ორგანიზაციის ნებისმიერ საფეხურზე მყოფ თანამშრომელს მისცემს საშუალებას, მყარი წარმოდგენა შეიქმნას ინფორმაციულ და კიბერ უსაფრთხოებაზე, რათა სამომავლოდ დაიცვას საკუთარი თავი და ორგანიზაცია ჰაკერული თავდასხმებისგან.

 

როგორ გაჩნდა ამ პროდუქტის შექმნის იდეა და რატომ არის საჭირო იგი დღევანდელობაში?

ჩვენ მრავალი წელია, ვთანამშრომლობთ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან. ყველა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას ჰქონდა თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების პრობლემა კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით. ეს გლობალური ტენდენციაცაა. ფიზიკური ტრენინგის ჩატარებას სჭირდება საკმაოდ დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსის მობილიზება. ასევე, მნიშვნელოვანია ლოჯისტიკის საკითხი – თუ ორგანიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს, საჭიროა ადამიანების თავმოყრა ერთ ადგილზე, ტრენინგის ჩასატარებლად. ინგლისურ ენაზე უკვე მრავალი მსგავსი პლატფორმა არსებობს. ჩვენ გავაანალიზეთ მათი შესაძლებლობები, გამოვიკვლიეთ თითოეული მათგანის უარყოფითი და დადებითი მახასიათებლები. საბოლოოდ კი, შევქმენით ციფრული პროდუქტი, რომელიც არსებული უცხოური პლატფორმების ყველა ხარვეზის გათვალისწინებით, ჩვენს კლიენტებს საუკეთესო ხარისხისა და ეფექტიანობის ინფორმაციული უსაფრთხოების ონლაინ კურსს სთავაზობს.

რა სარგებელს სთავაზობს cyberclass.ge პოტენციურ მომხმარებლებს?

ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ მარტივად აღსაქმელ, ვიზუალური მასალებითა და ვიდეოებით გამდიდრებულ კონტენტს, რომელიც უმოკლეს დროში უზრუნველყოფს მათი კომპანიის თანამშრომლებში ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებას. cyberclass-ის კონტენტი, რომელიც ეხება კიბერ უსაფრთხოების სხვადასხვა თემებს, უკვე მზადაა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაათვალიეროს დემო კურსი, რომელშიც სრული საკურსო მასალების ნაწილია მოცემული. ჩვენი გუნდი მუდმივად აახლებს კონტენტს, რათა თანამედროვე ტენდენციებსა და პარტნიორი ორგანიზაციების მოთხოვნებს სწრაფი ტემპით ავუწყოთ ფეხი.
გარდა ამისა, პლატფორმას გააჩნია ტესტირების ავტომატური სისტემა. ჩვენ გვაქვს შეკითხვების დიდი, განახლებადი ბაზა. ავტომატური სისტემა უზრუნველყოფს, ტრენინგის მონაწილეებს შეკითხვები და მათი პასუხებიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მიეწოდოს. ეს ყოველივე იქნება სანდოობის გარანტი პარტნიორი ორგანიზაციებისთვის, რომ მათმა თანამშრომლებმა მიმდინარე ონლაინ კურსი საფუძვლიანად, გააზრებულად და შედეგზე ორიენტირებულად გაიარეს.

ორგანიზაციები როგორ შეამოწმებენ მომხმარებლების ცოდნის ათვისების დონეს?

ტესტირების გარდა, ცოდნის პრაქტიკაში ათვისების უნარს ვამოწმებთ რეალური კიბერ შეტევის სიმულაციებით. კლიენტებს შეტევის სხვადასხვა სცენარს ვთავაზობთ. ასევე,ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ სისტემას გააჩნია მოსახერხებელი რეპორტინგის სისტემა, რაც ორგანიზაციას საშუალებას აძლევს, თავად ადევნოს თვალყური თანამშრომლების პროგრესს დროთა განმავლობაში. კლიენტებს არა ერთჯერად ტრენინგს, არამედ პლატფორმასთან 1-წლიან წვდომას ვთავაზობთ – ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია ტრენინგის, ტესტირებისა და კიბერ შეტევების ციკლების ჩატარება.

რა დროა საჭირო ტრენინგის გასავლელად?

ცხადია, ბევრი რამ თავად ადამიანზე და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ჩვენი პლატფორმა ბიზნეს საჭიროებებზეა მორგებული. ვიზუალური და მარტივად აღსაქმელი კონტენტის მეშვეობით, მინიმუმამდე დავიყვანეთ ტრენინგის დრო. ამავდროულად, ჩვენი პლატფორმა საშუალებას იძლევა, რომ კონტენტი შეთანხმდეს კონკრეტულ მომხმარებელთან. თუ ორგანიზაცია თვლის, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, ზოგი თემის გავლა მათი თანამშრომლებისთვის აუცილებელი არ არის, შეგვიძლია, ეს თემები ამოვიღოთ.

როგორია პროდუქტთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები?

გვსურს, პლატფორმას სხვადასხვა ახალ ფუნქციონალი დავამატოთ. უკვე გვაქვს დადებითი უკუკავშირი ჩვენი ახლანდელი მომხმარებლებისგან, თუმცა მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს ქართული ბაზრიდან მთელ კავკასიაზე გავფართოვდეთ. ვიცით, რომ ჩვენი პროდუქტის საჭიროება სხვა ქვეყნებშიც არის.